7 დღე ბაკურიანში

გვიანია.
მე ვზივარ კომპიუტერის წინ და ვცდილობ ისეთი რამ დავწერო,  რასაც ვინმე მოიწონებს, მაგრამ იდეები ისე გამომელია, როგორც კარადაში საგულდაგულოდ გადამალული შოკოლადის მარაგი. ამიტომაც, უბრალოდ გავიხსენებ:

 

7 დღე ბაკურიანში


სულ  ცოტა დროა გასული იმის შემდეგ, რაც ბაკურიანიდან ჩამოვედი. არ ველოდი, რომ ასეთი კარგი იქნებოდაცოტა მაშინებდა ახალ  გარემოში მთელი ერთი კვირის გატარება,  მაგრამ ჩემი, ასე ვთქვათ, შავ-თეთრი განწყობა ფერად-ფერად და მხიარულ მოგონებებად გადაიქცა.
        

      ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთკვირიანი დასვენება ბაკურიანში. ჩემთვის ეს იყო უამრავი ახალი რამის შეძენა, დაწყებული მეგობრობიდან, დამთავრებული გამოცდილებით. ალბათ, საინტერესოა, რას ვგულისხმობ ამ გამოცდილებაში.
უპირველესყოვლისა, ახალი გამოცდილება გაძლევს შესაძლებლობას, რომ დაძლიო ის შიში, რომელიც ამდენი ხანი გულს გიჭამს. ეს შიში - ჩემთვის ახალ გარემოში მოხვედრა, თავის წარდგენა და შთაბეჭდილების მოხდენა იყო. საბოლოო ჯამში, ამ შიშის დაძლევა შევძელი. ეს არამარტო ჩემი, არამედ სხვა ბავშვების დამსახურებაც  იყო, რომლებიც ისე იქცეოდნენ, რომ თავს ზედმეტად და რაც მთავარია „ახალ ბავშვად“ არ მაგრძნობინებდნენ. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, არ მეგონა თუ ასე მოკლე დროში შევეჩვეოდი ცვლილებებს და ვიგრძნობდი თავს როგორც პატარა, სახლის, დიდი ოჯახის ერთ-ერთ წევრად. მაგრამ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მახსოვს ავტობუსს, რომელშიც ჩემს მომავალში ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებები ინახებოდა, როგორი დაძაბული ვუყურებდი, თავი უზარმაზარი აუდიტორიის წინ მეგონა, რომლისთვისაც რაღაც უნდა გამეკეთებინა, ოღონდ არ მახსოვდა რა. ზუსტად ასე ვგრძნობდი თავს პირველი ორი დღის განმავლობაში, მაგრამ თანდათან დავინახე როგორ არ ეშინოდა არავის საკუთარი თავის წარმოჩენა... ყოფნა იმად, ვინც ისინი სინამდვილეში არიან.

      დილა იწყებოდა სკაუტებით და მათი მხიარული სიმღერით, რომელიც მამლაყინწასავით აღვიძებდა ყველას.  დღემდე მაჟრიალებს! იმ სიმღერის გაგონებისთანავე მღვიძარსაც კი მგონია რომ უნდა გავიღვიძო!  მერე ქალბატონი ირინას და მარიამის ყიჟინა იწყებოდა, რომ სასადილოში ჩავეშვით ყველა. ბევრს ვსრიალებდით დღის განმავლობაში, ამინდებშიც ძალიან გაგვიმართლა. იქიდან მოსულები საშინლად დაქანცულები ვიყავით და ცოტა ხანი ვისვენებდით. დღის მეორე ნაწილი გრძელდებოდა სკაუტების ენერჯაიზერებით, რომლებიც წარსულში გვაბრუნებდა და გვაძლევდა საშუალებას ცოტახნით მაინც ვყოფილიყავით ცელქი ბავშვები. ვთამაშობდით უამრავს. ვისმენდით სხვადასვხა თემებზე პრეზენტაციებს ყოველ საღამოს. მოკლედ, იმაზე მეტად კარგი იყო, ვიდრე ველოდი!

წლების განმავლობაში  სიტყვაბანაკი” ჩემთვის ასოცირდებოდა მხოლოდ სრიალთან. წელსაც მეგონა ასე იქნებოდა, მაგრამ შევცდი. მოულოდნელი იყო ის რომ ჯგუფებად გაგვანაწილეს, მთელი კვირა სხვადასხვა თამაშებში უნდა შევჯიბრებოდით ერთმანეთს. ამ პატარა თამაშებს ერთი ძირითადი ხაზი აერთიანებდა: ვითომ ჩვენს ყველა ვიყავით “ლოგოსითიში”, ყველა ჯგუფს თავისი უბანი ჰქონდა, რომლის ისტორიაც და სახელიც თავად უნდა მოგვეფირებინა. თამაშებში მოპოვებული გამარჯვებებით უბნებს ვავითარებდით. ვისაც ყველაზე პრესტიჟული უბანი ექნებოდა, იმათთან დასახლდებდნენ ლოგოსითის მერი, გიორგი ჩავლეიშვილი და თვითმმართველობა, ანუ მასწავლებლები და სკაუტები.

თითქოს თავიდან ყველა დაძაბული იყო, მეც მათ შორის. არ მეგონა, რომ ასე მალე შევძლებდით, ერთ დიდ გუნდად ქცევას. ყველაფერს ისეთი ჟინით და სტიმულით ვთამაშობდით, თითქოს ჩვენი მომავალი ყოფილიყო დამოკიდებული იმაზე რომ ორ სკამს შორის გაბმულ თოკზე გადაგვეყვანა ერთმანეთი  ხელგაუშვებლად, ან ჰულა-ჰუპში სწრაფად გავმძვრალიყავით. ერთხელაც ამ ზედმეტი მონდომების გამო მარცხი მომივიდა, თითქმის მოგებული თამაში წავაგეთ. მეგონა გუნდის წევრები ცხვირს აიბზუებდნენ და ხელს ჩაიქნევდნენ ჩემზე, რეალობა კი სულაც არ იყო ახლოს ჩემს მოლოდინთან. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემი კრახი ანაღვლებდა, გულში მლანძღავდა დააკრიტიკებდა, მე ვიყავი, სხვებს კი უბრალოდ ესმოდათ, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით და ასეთი მარცხი  ნებისმიერ მათგანს შეიძლებოდა მოსვლოდა. ისინი გვერდით ამომიდგნენ და დამანახეს, რომ მარტო არ ვიყავი, ასეთი თანადგომა და გაგება მარტო ზღაპრებში და ფილმებში თუ მინახავს. მართლაც, რომ გასაკვირი და საინტერესოა, როგორ შეუძლია, ერთ, შეიძლება არც ისეთ მნიშვნელოვან ქმედებას, ბევრი რამ დაგანახოს, დაგარწმუნოს, რომ ის რასაც ამდენ ხანს ემალებოდი და უფრთხოდი, თურმე სულაც არ ყოფილა ისეთი საშიში. პირიქით, შეიძლება იგი იმ ერთ-ერთ განსაკუთრებულ და ფერად-ფერად, ფაზებს ეკუთნოდეს, რომელიც შენ ცხოვრების სურათს ხატავს.

                ბანაკში ყოფნისას შევამჩნიე  თუ რამდენად არ გავდნენ ერთმანეთს ბაშვები. ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი რამდენად განსხვავებულები, ორიგინალურები, თავისებური ხასიათით გამოირჩეოდა ყველა. ეს სულ მაკვირვებდა და კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდიდა ჩემთვის ბანაკში გატარებულ დროს. ისიც მაოცებდა, თუ რამდენად ბავშვურად იქცეოდა ყველა, რამდენად შეეძლოთ შედარებით უფროსებს ეურთიერთათ  უმცროსებთან ისე,  როგორც თანატოლებთან და პირიქით.

 

ხიჟინის” სიტუაციები იყო, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. ეს იყო ის ადგილი, სადაც შეგვეეძლო გვეცეკვა ისე, თითქოს არავინ არ გვიყურებდა. გასამართლებელი “მიზეზიც” გვქონდა ამ გიჟური ცეკვის, იმეხელა თხილამურების ბათინკები გვეცვა. იქ უნდა ყოფილიყავით და გენახათ მწვრთნელებიდან  დაწყებული ბავშვებით დამთავრებული როგორ ცდილობდა ყველა წრეში ყოფნას და ცეკვას. არავის არ აინტერესებდა შენი მოძრაობების სისწორე და სილამაზე, არავინ  გაგკიცხავდა შენი ხელ-ფეხის მოძრაობაზე, მხოლოდ  ფრთხილად უნდა ყოფილიყავი ვინმესთვის ხელი, თუნდაც ფეხი, ცხვირში არ მოგეხვედრებინა. “ხიჟინა” იყო ის ადგილი, სადაც ბანაკის დახურვა შედგა, შევაჯამეთ და დავიმხეთ კიდეც თავზე ყველაფერი!

         ბოლო დღე იყო ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, ყველაზე განსაკუთრებული. მაშინ მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ბოლომდე უნდა გამერთო თავი, ამომეგდო ყველანაირი ფიქრი, რომელიც შემაკავებდა და მეცეკვა ისე, როგორც პროფესიონალს. მერე რა, რომ ბოლომდე პროფესიონალური ვერ იყო ჩემი ტყავიდან ამოვარდნა.

ტყავიდან ამოვარდნაზე გამახსენდა, როდესაც ბავშვებმა წრე შეკრეს, შუაში მოვხვდი მე! ასე მეგონა გული გამიჩერდებოდა, რადგან ჩემი ნებით ასე თამამად არასოდეს მიცეკვია. მესმოდა ხმები:

_   მიდი ფაჩექს! (ეს ჩემი ახალი ზედმეტ სახელია.)

_   გვაჩვენე კლასი!!!

დაბნეული, გიჟივით აქეთ-იქით ვიყურებოდი. ბოლოს და ბოლოს რომ დავინახე როგორ მამხნევებდნენ, გადავწყვიტე ერთ ადგილას ასე დგომას რამის გაკეთება ჯობს-მეთქი.
ჰო და … ავიშვი!
ამ მომენტში ამოვიგდე, ჩემი ერთ-ერთი ნეკნი (რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით!) მხრები ისე ვაქნიე, ბრაზილიელ მოცეკვავესაც კი შეშურდებოდა ჩემი. ბოლოს, როდესაც  მოძრაობების ყველა შესაძოლო ჩემეული ვარიანტი ამოვწურე და უკვე მსხვერპლს ვეძებდი რომლიც შემეცვლებოდა, დავინახე ჩემი კლასელი და წრეში შემოვაგდე, ისეთივე განწირული სახე ჰქონდა მასაც თავიდან როგორც მე.  მაგრამ სულ მალე ყველა იღიმოდა, ყველა ცეკვავდა, ყველას უხაროდა ერთად ყოფნა. ჩვენ, მასწავლებლები, ტრენერები, ბენდი და შოკოლადის კრეპები, ყველა ერთად ვცეკვავდით. ვცეკვავდით და ერთად ყოფნას ვზეიმობდით.

 

ღიმილით მახსენდება ის მომენტი, როდესაც ყველა თოვლში ვიჯექით და ვმღეროდით იმას, რაც პირველად თავში მოგვივიდოდა, დაწყებული ქართულიდან გამოგონილ ენებით დამთავრებული.
                     

  ერთი დიდი სანახაობა იყო გუნდაუსა” დაკბოდეს” წევრების ფილტვების შეჯიბრებები რომელიც, ყოველი თამაშის დაწყების წინ იმართებოდა. მიზანი იყო წევრების გამხნევება და მტრის (მოწინააღმდეგის) დაშინება. ალბათ სიკვდილისთვის განწირული ანტილოპის ფილტვებიდან არ ამოვა ისეთი ღმუილი, როგორც ამ შეჯიბრების დროს ისმოდა.

                     

ბევრი, ბევრი კარგი რამ მახსენდება, მაგრამ ოდესღაც რომ დავამთავრო ეს წერილი, საჭიროა ორი სიტყვით  შევაჯამო ყველაფერი რაც მოგიყევით.
მინდა ვუთხრა მას, ვინც ამ წერილს კითხულობს: ნუ შეგეშინდება თავის გამოხატვის! ნურც ახალი მეგობრების შეძენის! ადრე თუ გვიან მოგიწევს გამოიხედო ნაჭუჭიდან და დაინახო რასაც აქამდე თავს არიდებდი! და თუ შენც გაგიმართლებს და ისეთ გარემოში მოხვდები, როგორშიც მე ბაკურიანში ამოვყავი თავი, იმ წუთიდან დაიწყებ ახალ ფერად ცხოვრებას.

არ მინდა ასეთ ფილოსფიურ ნოტზე დამთავრება, ამიტომაც:
_ ჰეი! ჰეი  ბეთმენ!..

ზევით